ქარვისფერი ღვინოები, დამეთანხმებით, იდეალურად ეხამება შემოდგომის გრილ დღეებს. ამ ტიპის ღვინის არაერთ განსხვავებულ ნიმუშს ვხვდებით, თუმცა ამ სტატიაში მინდა, გირჩიოთ ის ღვინოები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, თუ გიყვართ სიახლეების აღმოჩენა.
ლაელმარანი - რქაწითელი 2020
ღვინო არის ღვინო არის სრულსხეულიანი, დაბალანსებული და ჰარმონიული. კარგად არის გამოხატული გარგრის ჩირის და ატმის ჯემის არომატები. აქვს საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება და მდიდარი ბუკეტი. ღვინო დამზადებულია სოფელ კურდღელაურში მოწეული ბიო ვენახებიდან და ფერმენტაცია გავლილი აქვს ქვევრში.
თეგანი - რქაწითელი 2022
ღვინოში კარგად არის გამოხატული ჯიშური არომატები. გარდა ყვითელი კურკოვანი ხილისა, ძალიან ინტენსიურია სანელებლების, თივის და მწვანე ჩაის ტონები. პალეტზე საკმაოდ მსუყე და დაბალანსებულია. ასეთ ღვინოს იდეალურად შევუხამებდით ზღვის პროდუქტებს. ამ შემთხვევაშიც, ფერმენტაცია მიმდინარეობდა ქვევრში.
გარდა ქვევრისა, ქარვისფერი ღვინო შეიძლება დამზადდეს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში, იმავე ტექნოლოგიით, რომელიც გულისხმობს დურდოს გამოყენებას ფერმენტაციის პროცესში. სწორედ ამის მაგალითია:
ბოსტოღანა - ქისი 2021
ქისის ეს ნიმუში ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და დასამახსოვრებელია თავისი მდიდარი ბუკეტით, საოცრად ინტენსიური არომატებით და ჩამტკბარი ტონებით. ახასიათებს თეთრი ბლის და ლეღვის მურაბის არომატები. პალეტზე ვხვდებით საკმაოდ უხვ და მწიფე ტანინებს.
ანემო - კრახუნა 2022
ასეთ ღვინოს აუცილებლად ვურჩევდი ადამიანს, რომელსაც უყვარს შედარებით მსუბუქი ქარვისფერი ღვინოები. დაყენებულია იმერული წესით, რომელიც გულისხმობს დურდოს მხოლოდ ნაწილის (25-30%) გამოყენებას. ახასიათებს კარგად გამოხატული, ხალისიანი მჟავიანობა, საშუალო ინტენსივობით ტანინი და ხანგრძლივი დაბოლოება. არომატებიდან აღსანიშნავია კომში და ატმის ჯემი. ასეთი სტილის ქვევრის ღვინო იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ქვევრის ღვინის გაცნობას.
ეკლიპსე - ქისი 2021
ღვინოს ფერმენტაცია გავლილი აქვს ამფორაში, ხოლო შემდგომ ვარგდებოდა მუხის კასრებში. გარდა ჯიშური არომატებისა, მსუბუქად ვხვდებით სანელებლებს, ვანილსა და კარამელს. ტანინები საკმაოდ დარბილებული, დამრგვალებულია, რასაც ასევე თან ერთვის კარგად გამოხატული მჟავიანობა. დარწმუნებული ვარ, ეს ნიმუში დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.
Comments