ქართული ღვინის ფესტივალები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად იმატებს. ამჯერად კი 7 ივლისს კრაკოვში ღვინის ფესტივალი გაიმართება,სადაც 30მდე ქართული მარანი ადგილობრივ ღვინის ექსპერტებს და ღვინის ენთუზიასტებს უმასპინძლებს. ფესტივალზე ქართულ მარნებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება 10მდე პოლონური, ჩეხური და მოლდოვური მეღვინეობები.
ფესტივალის სულისჩამდგმელი ქეთო ფრანგულაშვილია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია პოლონეთში ცხოვრობს და ქართული ღვინის ბრენდ ამბასადორია. ქეთომ 2018 წელს სადისტრიბუციო კომპანია და ქართული ღვინის ბარი გახსნა, რომელიც მალევე ადგილობრივებისთვის საყვარელ ადგილად იქცა და პანდემიაც ლოიალური მომხმარებლების გვერდში დგომით გადაიტანა.
T: ქეთო, როგორ დაიწყო შენი და ღვინის ამბავი პოლონეთში?
პოლონეთში 2012 წელს მოხალისეობრივი პროგრამით ჩამოვედი, რასაც შემდგომ მაგისტრატურა მოჰყვა. ღვინოსთან კავშირი, როგორც ყველა ქართველს მეც ბავშვობიდან მაქვს - მამაჩემთან ერთად ყოველ წელს ვაყენებდი ღვინოს. საქმიანი გადაკვეთა კი სწორედ სტუდენტობისას მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ პოლონეთის ბაზარზე წარმომადგენლობა შემომთავაზა.
ბევრი უარის შემდეგ დავთანხმდი და ისე შემითრია ამ ინდუსტრიამ, რომ უკვე 6 წელია სადისტრიბუციო კომპანიასთან ერთად ქართული ღვინის ბარიც მაქვს.
T: როგორ მიიღო პოლონურმა მომხმარებელმა ქართული ღვინო?
ქართული ღვინო და საქართველო უფროს თაობაში საკმაოდ პოპულარულია - იციან და იცნობენ ჩვენს კულტურას და ტრადიციებს. ქვევრის ღვინოსთან მიმართებაში კი ცოტა მეტი ინფორმაცია სჭირდებათ, რომ გასინჯონ და გემო „დაამუღამონ“.
ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, ძირითადად საქართველოს შესახებ ნაკლებად იციან. განსაკუთრებით გაკვირვებას იწვევს ჩვენი ღვინის წარმოების ამბავი, თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაციული ბარიერი მოვხსნათ. მსგავსი ტიპის ფესტივალები კი ძალიან დიდ როლს თამაშობს ცნობადობის გაზრდაში.
T: ფესტივალის ამბები:
წელს უკვე მესამედ ვატარებთ ფესტივალს. გადავწყვიტეთ, რომ ქართველ მეღვინეობებთან ერთად პოლონურმა, ჩეხურმა და მოლდოვურმა მეღვინეობებმაც მიიღონ მონაწილეობა, რაც ყველა მხარისთვის ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება. მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი კონტრასტი საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ თითოეული ქვეყნის ღვინის წარმოების თავისებურებები, ამავდროულად პირადად მეღვინეების გაცნობა და მათთან საუბარი პოზიტიურ გავლენას ახდენს სამომავლო ურთიერთობებზე.
T: შენი აზრით, როგორი ღვინით უნდა დავიპყროთ მსოფლიო?
ქვევრის ღვინო მაინც ნიშური პროდუქტია. ამიტომაც უნდა ვეცადოთ, რომ მარტივად მივაწოდოთ და ავუხსნათ პოტენციურ მომხმარებლებს. ვფიქრობ, რომ დღეს ევროპის ბაზარზე დიდი პოტენციალი დასავლეთ საქართველოს ტიპის ღვინოებს აქვს. სწორედ ეგ ხასიათი, მაღალ მჟავიანი და ცინცხალი არომატები არის საკმაოდ მოთხოვნადი და ტრენდული. შესაბამისად მათ რეალიზაციასაც ამარტივებს.
T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას?
მეტი და მეტი ინფორმაცია. დღეს ინფორმაცია არის ყველაფერი. ეს ორმხრივი პროცესია, მეღვინეებს ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ და მეღვინეები მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ და მუდმივად უნდა გვესაუბრებოდნენ თავიანთ ღვინოებზე.
წინსვლა დიდი გვაქვს, ახალგაზრდების ჩართულობით ზადიანი ღვინოები გადადის უკანა პლანზე და რეალურად მეღვინეებმა დაიწყეს ხარისხიანი და ტრენდული ღვინის წარმოება.
コメント