6-7 ივლისს საქართველოში, ასოციაცია ქართული ღვინის ორგანიზებით "საფერავის საერთაშორისო კონკურსი 2024" ჩატარდა. კონკურსი მეოთხედ გაიმართა და მიზნად ისახავს წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავის ცნობადობის ამაღლებას მთელ მსოფლიოში.
ორი დღის განმავლობაში ჟიურის წევრებმა, დაკომპლექტებული ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან 250-მდე საფერავის ღვინის ნიმუში შეაფასეს, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან. აღსანიშნავია, რომ საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია ისეთ ქვეყნებში როგორიც არის: ავსტრალია, აშშ, გერმანია, იტალია და მოლდოვა.
ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდია, რომელიც საუკეთესო ნიმუშებს თავის სტატიებში მოიხსენიებს.
მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იმატებს ყურადღება საფერავის ჯიშზე, როგორც მაღალხარისხიანი ღვინის წარმოების პოტენციურ ჯიშზე. ორგანიზატორების თქმით, მეღვინეები ითვალისწინებენ ჟიურის წევრების რეკომენდაციებს და ყოველ წელს ცდილობენ ხარისხის გაუმჯობესებას, რაც საბოლოო ჯამში ცნობადობის გაზრდაზე დადებითად მოქმედებს.
კონკურსის შედეგები კი ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე უახლოეს დღეებში შეგიძლიათ იხილოთ.
Comentários