top of page
Bottles of Wine

რატიანი - ახალი პლატფორმა ქართული ღვინის სივრცეში

Updated: Sep 13, 2024



„რატიანი“ - ნანიკო რატიანის პროექტია. მას 14-წლიანი გამოცდილება აქვს ღვინის ინდუსტრიაში და თავისი ახალი პლატფორმით მეღვინეობებს და მასში მოღვაწე ადამიანებს ღვინოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვას სთავაზობს მარკეტინგის, ბრენდინგის და გაყიდვების მიმართულებით.


T: ნანიკო, მოგვიყევი შენი ახალი პროექტის შესახებ:


“რატიანი“ ჩემი პირველი დამოუკიდებელი პროექტია, რომლის შესაქმნელად დიდი დრო და გამბედაობა აღმოჩნდა საჭირო, თუმცა ჩანასახშივე „დიადი იდეა“ გამოკვეთილი მქონდა: კონკრეტული მიმართულებით ქართული მეღვინეობის განვითარებაში ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა. პროექტი მოიცავს შემეცნებით და საკონსულტაციო აქტივობებს, რომლებიც მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტებს შესთავაზებს ძვირფას გამომწერებსა და პარტნიორებს.


T: რატომ გადაწყვიტე ამ პროექტის განხორციელება?


ჩემთვის ღვინის სფერო ძალიან ახლობელია, შეიძლება ითქვას, რომ ღვინის მიმართ ემოციურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. პირველი ნაბიჯი ღვინის სამყაროში 14 წლის წინ შემთხვევით შევდგი და აღმოჩნდა, რომ პროფესიამ თავად მიპოვა. ამ დროის განმავლობაში ჩემთვის ღირებულ კომპანიებში, პროფესიონალების გვერდით მომიწია მუშაობა, სადაც გავლილმა პრაქტიკამ შეუფასებელი ცოდნა შემძინა, ამასთანავე ყოველთვის მსურდა ჩემი საქმიანობა ცოტა მეტად მასშტაბური და სასარგებლო ყოფილიყო დარგისთვის, რადგან ვხედავდი საჭიროებას და, როგორც იტყვიან, ყველაფერს თავისი მომწიფების დრო აქვს...


T: ვისთვის არის შენი პლატფორმა, ვის დააინტერესებს და ვინ არის შენი მომხმარებელი?


სამიზნე აუდიტორია არის მეღვინეობები და მასში მოღვაწე ადამიანები, რომლებსაც სიახლეების და რისკის არ ეშინიათ.


T: სად არის დღეს ქართული ღვინის ინდუსტრია მსოფლიო ღვინის რუკაზე? და როგორ უნდა პოზიციონირდეს ქართული ღვინო?


დღეს ქართული ღვინო არის იქ, სადაც არ იყო გუშინ და ეს უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა. ქართული ღვინო მსოფლიო რუკაზე ისეთსავე პატარა და ავთენტურ ადგილს იკავებს, როგორსაც თავად საქართველო. ეს არ არის ნაგულისხმები ნეგატიურ კონტექსტში და, შეიძლება ითქვას, რომ მის პოზიციონირებას და ფასეულობას ეს ფაქტი განსაზღვრავს. ქართული ღვინო მსოფლიო რუკაზე უნდა პოზიციონირდეს, როგორც გამორჩეული, ავთენტური და ხასიათიანი, რასაც განაპირობებს საქართველოს ნიადაგი, ყურძნის ჯიშები, კლიმატი, ისტორია, ტრადიციები და მათთან კოლაბორაციაში მყოფი ახალი ტექნოლოგიები.


T: რა შესაძლებლობები და ხელსაწყოებია თანამედროვე ციფრულ მარკეტინგში, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა?


ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, მეღვინეობის დარგშიც, თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ციფრული მარკეტინგისას, უმთავრესი ადგილი უკავია. დღეს ისე, როგორც არასდროს, შეგვიძლია, უმოკლეს დროში, ნაკლები დანახარჯებით მივაწვდინოთ ხმა სამიზნე აუდიტორიას, თუმცა აქ მთავარია, ფასეულობებზე დაყრდნობით სათქმელი იყოს სწორად „დაპროექტებული“ და ვიცოდეთ, ვის ვესაუბროთ, ამასთანავე აუცილებელია, ფეხდაფეხ მივდიოთ ტექნოლოგიების განვითარებას, რადგან ის მუდმივად მიდის წინ.


T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას?


გამოვყოფ ერთს - ქართულ მეღვინეობას აკლია გაბედულობა და ავთენტური კრეატივი.

コメント


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page