DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით 4-6 ოქტომბერს ქუთაისში უკვე მეორედ გაიმართება იმერული ღვინის კონკურსი - Imeretian Wine Challenge 2024.
კონკურსის მიზანია საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად იმერეთის, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის, ცნობადობის გაზრდა.
როგორ გაჩნდა კონკურსის იდეა, ვინ იქნებიან წელს ჟიურის წევრები და რა სისტემით შეფასდება ღვინოები, ამის შესახებ თბობა ქეთი ჯურხაძეს ესაუბრა.
T: როგორ გაჩნდა იმერული ღვინის კონკურსის იდეა?
საერთოდ იმერული ღვინის ასოციაციის შექმნის იდეა DMO იმერეთს და მის გუნდს ეკუთვნის, ჯერ კიდევ კოვიდამდე ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, იყო ტრენინგები, სხვადასხვა შეხვედრები, ბაზრის კვლევა, თუ რამდენად საჭირო იყო ასოციაციის არსებობა რეგიონში, შემდეგ კი, DMO იმერეთის ინიციატივით, იდეა რეალობად იქცა და მეც მეამაყება, რომ მათი გუნდის წევრი გავხდი.
რაც შეეხება იმერული ღვინის კონკურსის იდეას, ის გაჩნდა მაშინ, როდესაც იმერული ღვინის პირველი კონკურსი ღვინის გილდიასთან ერთად ჩავატარეთ და მივხვდით, რომ იმერული ღვინო ავთენტურობას კარგავდა და მეღვინეები ყურადღების მიქცევას იმერული ჯიშებისგან კახური სტილის ღვინის დაყენებით ცდილობდნენ. დიდი შრომა და დრო დაგვჭირდა, რათა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ ღვინის სწორედ იმერული სტილი იქნებოდა მათი წარმატების ფორმულა. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გარდა ამისა, ნათელი გახდა, რომ ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო იყო საერთაშორისო ექსპერტების აზრი და უკვე სხვა ეტაპზე გადასვლა.
კახური და იმერული ღვინოები სტილისტურად აბსოლუტურად განსხვავებულია და სულ ვამბობ, რომ კახეთი ჩემთვის ასოცირდება ძველი, ხოლო იმერეთი - ახალი ღვინის სამყაროსთან, ამაში უკვე ჩვენი უცხოელი ექსპერტებიც მეთანხმებიან.
T: რა არის კონკურსის მიზანი?
კონკურსი არ არის გამიზნული მხოლოდ იმისთვის, რომ ღვინომ ჯილდო აიღოს და კარგად გაიყიდოს. პირველ რიგში, ეს არის მეღვინეებისთვის საკუთარი შესაძლებლობების საზომი - სად არიან და საით მიდიან, როგორ ვითარდებიან. ამიტომ კონკურსზე ღვინის წარდგენა შეუძლია ყველას, ვისაც კი ის იმერული ჯიშის ყურძნისგან აქვს დაყენებული. თუმცა კონკურსში მონაწილეობაზე მოთხოვნა სხვადასხვა რეგიონიდან იმდენად იზრდება, რომ, დიდი ალბათობით, შეიძლება კონკურსის გაფართოებაზეც ვიფიქროთ, მაგრამ ეს უკვე მომავალი წლის გეგმებია.
T: ვინ იქნებიან ჟიურის წევრები და როგორი სისტემით შეფასდება ღვინოები?
საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური: რობერტ ჯოზეფი, ტომას ბრენდლი, დევიდ ბარტონე, მეთიუ ჰორკეი, ირინა დიაჩენკოვა, ვლადიმერ კუბლაშვილი, თამარ იმედაძე, თინათინ ჯაჯანიძე, გიორგი სამანიშვილი და საბა ქიტიაშვილი.
ჟიურის შერჩევისას აქცენტი გავაკეთეთ გრძელვადიან თანამშრომლობასა და იმ გავლენაზე, რომელსაც ისინი მოახდენენ იმერული ღვინის პოპულარიზაციაზე.
წელს კონკურსზე ღვინის ასზე მეტი ნიმუში იქნება წარმოდგენილი, ღვინის გასინჯვისას დაცული იქნება კომპანიის ანონიმურობა და შეფასება წარიმართება OIV სტანდარტის დაცვით, ჯილდოებად კი გვექნება ვერცხლი, ოქრო და გრანდ ოქრო.
ვთვლი, რომ ასეთი კონკურსი ცალსახად ზრდის მეღვინეს, რადგან ერთია, რომ ყიდი და მეორე, თუ როგორ ვითარდები, რადგან ნათელია, რომ რიგითი მომხმარებლისა და ღვინის ექსპერტების შეფასება განსხვავდება ერთმანეთისგან.
T: სამომავლო გეგმები:
დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავზარდოთ ჯიშობრიობა და მთელი დასავლეთის ღვინოები დავუშვათ კონკურსზე.
საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, იმერული ღვინის იდენტობის შენარჩუნება და განვითარებაა, რისთვისაც მწარმოებლებს ხშირად ვურჩევ, ყურადღება გაამახვილონ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა, მაგალითად, ეტიკეტზე „ქვევრის“ ნაცვლად ტერმინ „ჭურის“ გამოყენება.
კონკურსი იმაშიც გვეხმარება, რომ იმერეთი კარგი კუთხითა და დიდი პოტენციალით წარვადგინოთ, რადგან ყველა გამარჯვებულ თუ მონაწილე კომპანიას ვეხმარებით ცნობადობის გაზრდის და მარკეტინგული კუთხით, მათი ღვინოები გაგვაქვს სხვადასხვა გამოფენაზე, ვუგზავნით სხვადასხვა მყიდველს, მათი ღვინოების შესახებ ვწერთ სხვადასხვა ჟურნალში, სოციალურ ქსელში და რომ ყველას ვუყვებით მათ შესახებ.
ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელიც ასევე მეამაყება, არის მომავალ გაზაფხულზე ბაღდათში ღვინის ლაბორატორიის გახსნა. საწყის ეტაპზე, ის შიდა სერტიფიცირებისთვის საჭირო ანალიზებს ჩაატარებს, მეორე წლიდან კი, უკვე საერთაშორისო აკრედიტაციით, მეღვინეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეგიონში მიიღონ ყველა ტიპის ლაბორატორიული ანალიზის შედეგები.
Comments