გამარჯობა, მე ვარ ივა ჭალელიშვილი, საქართველოში დავასრულე აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა და ამ ეტაპზე ვსწავლობ საფრანგეთში, ბორდოს რეგიონში, Bordeaux Sciences Agro-ს უნივერსიტეტის მეღვინეობისა და ვენახის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.
როგორ მოვხდი იქ სადაც ვარ?
ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზე დავაყენე ღვინო ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით, რომელიც წარმატებით რეალიზდა საქართველოში, ღვინის მაღაზიასა და ბარებში. ბაკალავრის დამთავრების შემდგომ გადავწყვიტე სტაჟირება გამევლო საფრანგეთში და 2022 წლის შემოდგომაზე პირველი საერთაშორისო პრაქტიკა გავიარე საფრანგეთში, ბორდოს რეგიონში, ორ განსხვავებულ შატოში.
ბორდოში ყოფნისას გადავწყვიტე სამხრეთ ნახევარსფეროში გამევლო პრაქტიკა, შედეგად 2023 წლის ზამთარში გავემგზავრე ახალ ზელანდიაში, სადაც მალბოროს რეგიონში ვმუშაობდი ერთ-ერთ ქარხანაში.
შემდგომ მეღვინის დამხმარედ ვმუშაობდი პორტუგალიაში, დაოს რეგიონში და ავსტრალიაში ვიქტორიას რეგიონში.
პორტუგალიაში ყოფნისას გადავწყვიტე, რომ მჭირდებოდა ცოდნის გაღრმავება და გავაგზავნე აპლიკაცია სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც ახლა ვსწავლობ.
მეღვინეობის თითოეული რეგიონი გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი ნიშნებით. აქედან გამომდინარე მინდოდა დამეგროვებინა მაქსიმალურად განსხვავებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და გამეცნო და მემუშავა განსხვავებული მიდგომების და ხედვების მქონდე მეღვინეებთან.
რატომ ავირჩიე ეს პროფესია?
ჩემს ოჯახს ყოველთვის ჰქონდა ვენახები და პატარა ზომის მარანი, სადაც ყოველ წელს ბაბუასთან ერთად ვაყენებდი ღვინოს კახური ტრადიციული ტექნოლოგიით. შესაბამისად ჩემი სიყვარული ღვინისა და ყურძნის მიმართ მოდის ოჯახური ტრადიციებიდან.
რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ:
ქართული ღვინის 8000 წლოვანი ისტორია და მრავალფეროვანი ტრადიციებია ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. მაქსიმალურად ვცდილობ დავაგროვო ისეთი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა და გავიცნო მაქსიმალურად ბევრი ღვინოში ჩართული ადამიანი, რათა სხვა ჩემი მსგავსი ახალგაზრდა მეღვინეების დახმარებით შევძლო გავხადო ქართული ღვინო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ღვინის რუკაზე.
რჩევა, მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას?
კარგად გაიაზრეთ რა არის თქვენი მოტივაცია და მიზანი ამ პროფესიის არჩევის და როგორი უნდა იყოს თქვენი განვითარების გზა.
Comments