მომხმარებელი მნიშვნელოვანი შემფასებელია ნებისმიერი პროდუქტის. მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების ხარისხი კი განსაზღვრავს კოპმანიის წარმატებულობას. ღვინის კომპანიის შემთხვევაშიც სწორედ ესეა - უნდა ვიცოდეთ ვინ არის მომხარებელი, რას აქცევენ ყურადღებას და რას ეძებენ ღვინოში. სწორედ ამ თემაზე თრობა 8000მოსავლის კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ლეიკო ცანავას ესაუბრა.
T: ვინ არის ღვინის მომხმარებელი ?
„8000 მოსავლის“ ბოლო 7 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ღვინის მომხმარებელი მრავალფეროვანია, ამიტომ რთულია, ისინი ერთ სეგმენტად, ერთ ჯგუფად მოვიაზროთ. მომხმარებლის ასაკი განსხვავდება, განსხვავდება მათი პროფესიები, ინტერესები, ცხოვრების სტილი. ღვინო გამორჩეული პროდუქტია, სწორედ მისი განსაკუთრებულობა განაპირობებს მომხმარებლის განსხვავებულობას და პირიქით, მათი არაერთგვაროვნება ქმნის ღვინოს ისეთად, როგორიც არის.
„8000 მოსავლის“ პირველი სტუმრები ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც უკვე ჰქონდათ ინტერესი ღვინის მიმართ, მეტ-ნაკლებად იცნობდნენ მას და სწორედ მათი სურვილი იყო ასეთი ობიექტის გაჩენა თბილისში. ადგილის, სადაც შეგიძლია შეიძინო ღვინო, ისაუბრო ღვინოზე და შეხვდე ადამიანებს, რომელთაც შენსავით უყვართ ღვინო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საკუთარი თვალით ვნახეთ ღვინის მომხმარებლის ზრდის პროცესი, როგორ იქცნენ ღვინის მოყვარულები ენთუზიასტებად. დღეისთვის „8000 მოსავლის“ მომხმარებლები აღარ არიან მხოლოდ მოყვარულები, საკმარისია მცირეოდენი ინტერესი ღვინის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენი მომხმარებლის შესახებ ამ 7 წლის განმავლობაში გავიგეთ, სწორედ ეს არის, იმისათვის, რომ ღვინო გიყვარდეს, ხშირად არ არის საჭირო, რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდე მის შესახებ, მთავარია, ინტერესი და ენთუზიაზმი, რომელსაც იმ ადგილამდე მიჰყავხარ, სადაც პროფესიონალები ღვინოზე მთელი გულით გიამბობენ.
.T: რას აქცევენ მომხმარებლები ყურადღებას ღვინის არჩევისას?
„8000 მოსავლის“ მთავარი მიღწევა ისაა, რომ ჩვენი მომხმარებელი მთავარ აქცენტს აკეთებს ორგანოლეპტიკაზე, რაშიც ღვინის მხოლოდ გემოვნურ თვისებებს არ ვგულისხმობ. ეს არის ემოცია, რომელსაც ღვინო ტოვებს მომხმარებელში და ისიც სწორედ ამის მიხედვით არჩევს მას.
მეორე კრიტერიუმი არის ტექნოლოგია და ჯიში. უახლოეს წარსულში კონკრეტული ჯიშებით ვიყავით შემოსაზღვრული, ნაკლები ინტერესით გამოვირჩეოდით ახალი ჯიშების, ტექნოლოგიების მიმართ. დღეს ღვინის მოყვარულებმა დაიწყეს სიახლეების ძიება, რაც მოტივაციას აძლევს მეღვინეებს, იმუშაონ, მოიძიონ, აღადგინონ ძველი, დავიწყებული ჯიშები.
ბოლო და არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ბრენდინგი, შეფუთვა, შინაარსი. რომელიც, ისე ჩქარა ვერ ვითარდება, როგორც თავად ღვინო. ვგულისხმობ, შეფუთვის, ეტიკეტის კონტენტს, რომელიც ძირითადად მიმართულია ხოლმე ზოგადად ბრენდის წარმოსადგენად და არ გვაძლევს საკმარის ინფორმაციას სითხეზე. ეტიკეტი პირველი კომუნიკატორია მომხმარებელსა და ღვინოს შორის.
T: ქართველი vs უცხოელი მომხმარებელი
განსხვავება ქართველ და უცხოელ მომხმარებელს შორის დროთა განმავლობაში ქრება. ვგულისხმობ იმას, რომ რამდენიმე წლის წინ ღვინის ქართველი მოყვარულები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი სიახლეების, ახალი ჯიშების მიმართ. უცხოელი მომხმარებელი კი მუდმივად სიახლეს, ახალ გემოებს ითხოვდა.
დღეს ქართველი მომხმარებელი საგრძნობლად გაიზარდა, მეტად დაინტერესდა ღვინით და დაიწყო ექსპერიმენტები, სიახლეების ძიება, განსხვავებული ჯიშების დაგემოვნება.
T: რჩევები მომხმარებლებს: რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება
ღვინო ცოცხალი ორგანიზმია. ამის გაცნობიერებას მიჰყავხარ მასში ემოციების ძებნამდე, რაც მის გემოვნურ თვისებებთან ერთად უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო მეტი ინტერესით ეცნობი მას, მით მეტ სიღრმეს აღმოაჩენ. როცა მოყვარულზე ვსაუბრობთ, შეიძლება, უკეთესიც იყოს, რაც შეიძლება ნაკლებ ინფორმაციას ფლობდე ტექნოლოგიებზე, ჯიშებზე და სრულად გრძნობებს მიენდო.
მომხმარებელს ვურჩევდი, ღვინის დაგემოვნებისას ეძებონ დადებითი მახასიათებლები.
მომხმარებელი უმნიშვნელოვანესი შემფასებელია ნებისმიერი პროდუქტისთვის, მაგრამ მეღვინეებისთვის მომხმარებლის მოსმენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდის წარმატება, ზრდა, სწორედ ღვინის მოყვარულების დამსახურებაა.
T: რჩევები მეღვინეებს: რას მიაქციონ ყურადღება
რა ბიზნესშიც არ უნდა იყო, ყოველთვის არსებობს საშიშროება იმისა, რომ დაკარგავ მომხმარებლის თვალით შეფასების უნარს და როგორც კი ამას დაკარგავ, დაკარგავ კავშირს შენს მომხმარებელთან. მეღვინეებს ვურჩევდი, გასინჯონ სხვისი ღვინოები, როგორც ქართული, ისე უცხოური. მათთვის, ვისაც უნდა ქართული ღვინის განვითარებას თვალი ადევნოს და თავადაც განვითარდეს, ვისაც უნდა მუდმივად ეცნობოდეს საინტერესო ღვინოებს, შევქმენით „8000 მოსავლის“ ღვინის ყუთი, რომლის გამოწერა ნებისმიერ მსურველს ყოველთვიურად შეუძლია. ეს ბაზრის შესწავლის ერთ-ერთი გზაა.
მეორე, რა პრობლემაც მეღვინეებს უდგათ, ჩემი აზრით, დიზაინი და ეტიკეტია. მნიშვნელოვანია, ბოთლის გახსნამდე იგი მომხმარებელს წარმოუდგენდეს თავს, ესაუბრებოდეს, არა მხოლოდ ბრენდზე, არამედ კონკრეტული მოსავლის კონკრეტულ ღვინოზე. მიხარია, რომ მეღვინეების ახალი თაობა ამას აქტიურად აკეთებს, მაგრამ ვისურვებდი, ამან უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.
T: რას ეძებენ ადამიანები ღვინოში?
აჩქარებულ ცხოვრებას, მუდმივ გადარბენას, სირთულეებს, სისწრაფეს, რაც 21-ე საუკუნეს ახასიათებს, მივყავართ იქამდე, რომ ყველა პროდუქტში ემოციას ვეძებთ. მით უმეტეს, ღვინოში, რომელიც, ალბათ, სამყაროში ყველაზე მგრძნობიარე პროდუქტია.
ჩემი აზრით, ღვინო ნამდვილად ემოციაა, რომელიც არასდროს გყოფნის, რომლის განვითარებაც მუდმივად გინდა, რომელიც თავს მუდმივად გახსენებს და ამასთანავე, დაუვიწყარია.
ემოცია გაძლევს სტიმულს, მუდმივად თავგადასავლებისკენ ისწრაფოდე. თავგადასავლები კი გვაძლევენ ემოციებს. ეს უწყვეტი ჯაჭვია.
Comments