top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

ვინ არის რეზი ცეცხლაძე ?


რეზი ცეცხლაძე - მეღვინე, სომელიე, გურმანი და მოყვარული ფოტოგრაფი. აი გადარეული გურულიო ზუსტად რეზიზეა ნათქვამი. ბავშვობაშიც ხომ მოუსვენარი იყო და რაც მეღვინეობა პროფესიად აირჩია კიდევ უფრო არ გაჩერებულა. მაშინაც კი როცა მთელი მსოფლიო დაპაუზდა და პანდემია მძვინვარებდა, სამი სხვადასხვა ქვეყნის 100მდე მარანში იმოგზაურა და 1000მდე სხვადასხვა ღვინო გასინჯა.

თვლის, რომ ღვინო არის ენერგეტიკის მატარებელი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ემოციაზე ხან დადებითად ხან კი უარყოფითად - „საფრთხილო სასმელია, მას უყვარს ფიქრი და მოზომილად მირთმევა“.


T: რეზი, როგორ დაინტერესდი პირველად ღვინით და რამ განაპირობა შენი კარიერა ამ ინდუსტრიაში?


ღვინო, როგორც ყველა ქართველის ცხოვრებაში, ბავშვობის ასაკიდან გაჩნდა. ყოველ ზაფხულს ოჯახს რთველში ვეხმარებოდი. მაშინ ღვინოს არ ვუყურებდი როგორც მეცნიერებას, არამედ უფრო ფილმებიდან და ვიდეოებიდან მოთხრობილი რომანტიზირებული ამბები იყო. მახსოვს „A good year“ ყურების მძაფრი შეგრძნება, რამაც ხელი შეუწყო ჩემი პროფესიის არჩევას.


16 წლის ასაკში წავედი აგრარული უნივერსიტეტის გაცნობით შეხვედრაზე და იმდენად მოვიხიბლე ამ მიმართულებით, რომ იმ ზაფხულშივე რთველში, მარანში წავედი პრაქტიკის მისაღებად. აბიტურიენტობის ბოლოს 17 წლის ასაკში, კიდევ წავედი გაცნობით შეხვედრაზე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ გზით უნდა გამეგრძელებინა ჩემი ცხოვრება და ჩავაბარე მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე.  


T: როგორი იყო შენი კარიერული გზა ღვინის ინდუსტრიაში და როგორ განავითარე შენი გამოცდილება დროთა განმავლობაში?


მიუხედავად ამხელა შემზადებისა მე-2 კურსზე მქონდა დაეჭვების პერიოდი, რაც ბევრს აქვს, თუმცა აქ ის მომეხმარა, რომ 8000 მოსავალი გაიხსნა, შაბათობით დეგუსტაციებზე დავდიოდი და მეღვინეებს ვესაუბრებოდი. ამან თავიდან გამიღვივა იმის სურვილი, რომ მე მართლა მინდოდა ამ სფეროში ყოფნა. მალევე კი კონსულტანტად დავიწყე მუშაობა, შემდეგ ამას ღვინის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის კონტროლის მიმართულებით ერთ წლიანი გამოცდილება მოჰყვა და უნივერსიტეტის დამთავრება.


ერთ-ერთ საყვარელ პროექტად რჩება საკურსო ღვინო - „შატო აბსურდი“, რომელიც აპროტესტებდა და აშარჟებდა იმ ტენდენციებს, რაც იყო და დღესაც არის ქართულ ბაზარზე -აბსურდულად დარქმეული სახელები.


T: საერთაშორისო გამოცდილებები:


ბაკალავრიატის შემდგომ დიპლომს აღარც დაველოდე, წავედი კალიფორნიაში, სონომაში მეღვინეობა Rodney Strong-ში სადაც ვიმუშავე კაბერნე, პინო ნუარი და შარდონეს ვაზის ჯიშებზე, ფერმენტაციით დაწყებული ლაბორატორიული კონტროლით დამთავრებული. პირველი უცხოეთის გამოცდილება იყო და შესაბამისად თავიდან, რომ ჩავედი 2 კვირაში ბილეთს ვეძებდი უკან დასაბრუნებლად, თუმცა ეგეც გადავლახე და 12 მექსიკელთან ერთად გავაგრძელე ცხოვრება, რომლებიც ჩემი ულვაშის ინსპირაცია გახდნენ. ისინი ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ მე კი ესპანურად, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ხდებოდა კომუნიკაცია, ძირითადად ტეკილას, მესკალისა და კორონას მიჭახუნებით.


ამერიკის მერე იყო ვინტურის მაგისტრატურა - ბორდო, პორტო და ტარაგონა, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა და რეგიონი. აქ უფრო მეტად თეორიულად ვისწავლე ღვინის მარკეტინგი და ტურიზმი. მქონდა შესაძლებლობა, რომ მევენახეობის და მეღვინეობის პრაქტიკები მიმეღო ბურგუნდიაში - ჩემთვის ყველაზე ძვირფას რეგიონში და ამით ძალიან ვამაყობ - 16 წლის ასაკში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბურგუნდიაში ვიმუშავებდი და გამოსაშვები საღამო „Chateau d’Yquem“-ში სოტერნის თანმხლებით მექნებოდა.


T: რატომ დაბრუნდი საქართველოში?


ყველას ვეუბნები, რომ თუ ვინმეს განსაკუთრებული და დაუმორჩილებელი სურვილი არ აქვს, რომ საზღვრებს გარეთ  იცხოვროს, ჯობს იყვნენ საქართველოში და აქაურობას მოახმარონ თავისი ცოდნა და გამოცდილება. ბევრად მაგარი ექსპერიმენტების ჩატარება შეიძლება აქ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.


წავედი იმიტომ, რომ გამოცდილება მიმეღო, კი რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, რომ იქ დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა კარიერა, თუმცა ესე არ მინდოდა. ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი შესაძლებლობაა მეღვინეობისა და მევენახეობის მიმართულებით. რა თქმა უნდა იქაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა აქაურობას უფრო მეტად სჭირდება ტვინი, ახალი სისხლი, ახალი სიცოცხლე, ახალი მოძრაობა.


T: მოგვიყევი შენს ღვინოზე:


ფერი ვაინსი - ყველა ღვინო არის მშრალი, ყველა ღვინო არის ბიუჯეტური, ყველა ღვინო არის მარტივად მოსახმარი, ყველა ღვინო არის ახალგაზრდული და ყველა ღვინოს კონტრ ეტიკეტზე აწერია, რომ ამ ღვინოს არ აქვს შეხამების წესები და შეგიძლიათ მიირთვათ ყველგან, ყოველთვის და ყველაფერთან. წარმოება 2021 წელს დავიწყე და თბილისში 150 სხვადასხვა ობიექტში ვარ. ღვინოს შეიძლება შეხვდეთ ბარშიც, რესტორანშიც და კლუბშიც.


ეტიკეტს რაც შეეხება, ფერები გამოხატავს ღვინის ემოციას, ეტიკეტს აქვს ის ფერი, რა ფერის არომატებიც გვხვდება ღვინოში. მაგალითად ყვითელი გამოხატავს კონკრეტულ რქაწითელს, რომელიც ბოთლშია, თავისი ცინცხალი ხილის, ციტრუსის და ყვითელი ხილის არომატით. თუ ფერი გამოხატავს არომატს, გემოს გამოხატავს ეტიკეტის ჭრილი - მაღალ მჟავიანობის შეგრძნება რაღაც ტალღის ეფექტს გვაძლევს და მოძრაობის ეფექტი აქვს, რაც შეეხება ბოთლზე თავზე ნაღვენთი ეს ადამიანებისა და ღვინის ინდივიდუალიზმის სიმბოლოა.


T: რა რჩევებს მისცემდი მომავალ თაობას...


ის ქნან რაც თვითონ უნდათ, რასაც გული და ტვინი უკარნახებს. თუ დაბნეულები არიან მოიცადონ. სხვადასხვა რამ ცადონ და საკუთარ თავს მაინც იპოვიან. ცოტა ეგოისტურია, თუმცა ჩემთვის ყველაფერი მოდიოდა იქიდან თუ რა მინდოდა, არ ვფიქრობდი სხვა რას იფიქრებდა.

ვისურვებდი, ქართულ დიდ ღვინოებს.  

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page