გიორგი ლაშქარაშვილი აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კურსდამთავრებულია. მისი გამოცდილება ღვინის ინდუსტრიაში 10 წელს ითვლის. დღეს გიორგი გერმანიაში მოღვაწეობს, საბოლოო მიზანი კი სამშობლოში დაბრუნება და ადგილობრივი ტერუარული, ბუტიკური ღვინის წარმოჩენაა.
T: გიორგი, როგორ დაიწყო შენი ღვინის გზა?
მეღვინეობაზე 2014 წელს აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაშინ ახალი გაცოცხლებული იყო ეს ამბავი, თან მინდოდა ისეთი რამე მესწავლა რაც კედლებში არ ჩამსვამდა. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ყველა ლექტორი ძალიან სწორი მყავდა. მეორე კურსზე საწარმოო პრაქტიკაზე წავედი, აქედან მოყოლებული კი სულ ამ ინდუსტრიაში ვარ.
T: როგორ განვითარდა შენი კარიერული გზა?
ჩემი მოღვაწეობა საქართველოში ძირითადად დიდი კომპანიებით შემოიფარგლება. მაშინ ამდენი პატარა კომპანია არც იყო. დიდი კომპანია გაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრ რამეზე გქონდეს წვდომა: ტექნოლოგიებზე, რეგიონებზე, ჯიშებზე. მე ძალიან გამიმართლა და ხარებამ მომცა შესაძლებლობა მიკროზონის უსახელოურზე, რომელიც უნიკალური ჯიშია ექსპერიმენტები მეკეთებინა. დღემდე მათ საცავში ინახება 5 ბოთლი ღვინო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო.
ჩემი საქმიდან გადახვევა არ მიფიქრია. ერთადერთი ვხვდებოდი იმას, რომ სულ უნდა განვითარებულიყავი. რამდენიმე დიდი კომპანიის შემდგომ კი წავედი ევროპაში.
T: საერთაშორისო გამოცდილების პირველი რთველი:
მადლობა ჩემს ყოფილ ხელმძღვანელს - იქიდან წამოსვლამ მომცა ის, რომ წავედი კუნძულ კორსიკაზე. კორსიკას შეიძლება ჩვენსავით 8000 წლიანი ისტორია არ აქვს, თუმცა ძალიან საინტერესო რეგიონია. განსხვავებული ალბათ უფრო მეტად იყო ის, რომ ვენახის მოვლის სქემები იყო დახვეწილი და გამარტივებული. არაფერი გრანდიოზული ევროპაში არ ხდება, ერთადერთი ადამიანის შრომა ფასდება.
T: როგორი ღვინით უნდა დავიპყროთ მსოფლიო?
მე მაინც ევროპულ მიდგომას - პატარა ოჯახურ მეურნეობებისკენ ვიხრები. მესმის, რომ ეკონომიკურად დიდი მარნები დაგვჭირდა, რომ დღემდე მოვსულიყავით. ჩვენი ადგილი, რომ დავიკავოთ უნივერსიტეტიდან ყველა დამეთანხმება, რომ ტერუარულ, ბუტიკურ ღვინოებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მითუმეტეს, რომ ჩვენი უნიკალური და მრავალფეროვანი ლანდშაფტი ამის საშუალებას გვაძლევს.
T: რას ეტყოდი მომავალ თაობას?
რაც შეიძლება მალე დაიწყონ მოგზაურობა და ფოკუსირდნენ ვენახზე, ისე შორს ვერ წავლენ. ყველაფერი რასაც ვჭამთ-ვსვამთ ნიადაგიდან მოდის. ამდენი ნიადაგი და ჯიში გვაქვს საქართველოში. ვენახში ჩადონ მთელი რესურსი და უყვარდეთ ღვინო. აუცილებელი არ არის თრობა, ღვინო სხვანაირად უნდა გიყვარდეს.
T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას?
პატარა მწარმოებლებს ვეტყოდი, განათლებაში ჩადონ რესურსი და მერე დაიწყონ. დიდ მწარმოებლებმა კი სიამოვნება მიიღონ და მხოლოდ შემოსავალზე ნუ იქნებიან ორიენტირებულები. იდეურად მართლა მაგარ პროდუქტს აკეთებენ. შესაძლებლობაც ძალიან დიდი აქვთ.
ინდუსტრია ძალიან ახალგაზრდაა, ცოტა გაურკვევლობაშია. 5 წელიც და ისევ მევენახე-მეღვინეების ზრდა ქვეყანაში გამოიწვევს ერთი საფეხურით მაღლა გადაწევას. რამდენი უფროსი თაობის შრომაა ჩადებული, ჩვენი ლექტორების, უფროსი მეგობრების, რამდენია რომელიც ენთუზიაზმით უდგება და არ ჩანს. გულს და სულს დებენ. დღეს ჩვენ გვყავს ისეთი ტოპ ხალხი, ვინც იცის როგორ უნდა წაიყვანონ თავიანთი საქმე.
Comments