IWSC 2025 Wine & Spirits judging in Georgia საერთაშორისო კონკურსი უკვე მესამედ ტარდება საქართველოში, რაც ქართველ მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე ძველ და პრესტიჟულ კონკურსში ღვინის ინდუსტრიაში. წელს პირველად, კონკურსს სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება, ხოლო ქართული ღვინის კომპანიებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სომხური და აზერბაიჯანული ღვინის კომპანიები.
ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები, ღვინის მაგისტრები, სომელიეები, ბაიერები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება ქართველი მეღვინეების განვითარებისთვის უაღრესად ღირებულია.
კონკურსი დაიწყება 27 ნოემბერს და გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში. ამ პერიოდში კი ჟიურის წევრები დააგემოვნებენ 500-ზე მეტ ღვინოს, ხოლო შედეგები 1 დეკემბერს, დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.
კონკურსის საქართველოში ჩატარება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიას. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს ლოჯისტიკური ბარიერების შემცირებას, რადგან ქართველ მეღვინეებს აღარ სჭირდებათ ნიმუშების დიდ ბრიტანეთში გაგზავნა, რაც დამატებით ფინანსურ შეღავათს წარმოადგენს.
„IWSC საერთაშორისოდ ცნობილი კონკურსია ღვინის სამყაროში და აღიარებულია თავისი მაღალი სტანდარტებით. ჟიურის წევრები მკაცრად გაწერილი, დღის განმავლობაში გასასინჯი ნიმუშების რაოდენობით მუშაობენ, რაც საშუალებას აძლევთ თითოეული ღვინო სიღრმისეულად გაიცნონ და საჭიროების შემთხვევაში გასცენ რეკომენდაციები, რასაც შემდგომ მეღვინეები გაეცნობიან“ - აღნიშნავს მარიამ გუჯაბიძე, IWSC - ის ბრენდ ამბასადორი საქართველოში.
ორგანიზატორების მიზანია, რომ ჟიურის წევრებმა ქართული ღვინო მხოლოდ სადეგუსტაციო სივრცეში არ გასინჯონ, არამედ ესტუმრონ მარნებსა და რეგიონებს, რათა უკეთ გაიცნონ ქართული ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდები და ადგილობრივი კულტურა.
IWSC -ის მედლის მოპოვება დიდი მარკეტინგული მხარდაჭერაა ღვინის მწარმოებლებისთვის. მომხმარებლებმა იციან, რომ IWSC ხარისხის ნიშანი სანდო არჩევანია. საქართველოში ჩატარებული IWSC-ის კონკურსი ქართველ მეღვინეებსა და სპირტიანი სასმელების მწარმოებლებს აძლევს უნიკალურ პლატფორმას, რომ საერთაშორისო სცენაზე წარმოაჩინონ თავიანთი უნარები და გამორჩეული პროდუქტები, რაც დიდი სტიმულია ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. ამ გზით ქართული ღვინო კიდევ უფრო იძენს საერთაშორისო აღიარებს და პოპულარობას.
Comments