top of page
Bottles of Wine
Writer's picturetboba magazine

Dariko.drinks.wine - დარიკოს ახალი პროექტი



დარია ხოლოდილინა, ცნობილი როგორც „დარიკო მოგზაური“, 10 წელზე მეტია რაც საქართველოში ცხოვრობს და 2024 წელს ქართული ღვინის ექსპერტის ტიტულიც მიიღო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში მოგზაურობაზე შექმნა ბლოგი და ფართო აუდიტორიას ქვეყნის დაფარულ ადგილებში ამოგზაურებდა.


გამოცდილების დაგროვებასთან ერთად კი დარიკომ გადაწყვიტა ბლოგერობის ახალ ეტაპზე გადასულიყო და განახლებული იმიჯით - “Dariko drinks wine” ღვინის ბლოგით, ქართულ ღვინოსთან ერთად საერთაშორისო ღვინის განხილვებსაც გვთავაზობს.


T: დარიკო, რას სთავაზობ ღვინის მოყვარულებს ახალი მიმართულებით?


„Dariko drinks wines“ - ახალი მიმართულებაა ინსტაგრამზე, რომელიც ქართველი და უცხოელი აუდიტორიისთვის არის და ფოკუსირებულია ღვინის სიღრმისეული ამბების გაგებაზე. ძირითადი მიმართულება ქართულ ღვინის განხილვაა, თუმცა ასევე გვექნება საერთაშორისო ღვინოების მიმოხილვაც, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საშუალებაა გავიგოთ რა ხდება მსოფლიოში, ვინ როგორ ღვინოს აწარმოებს და რა ტენდენციებია ინდუსტრიაში.


ჩემთვის ქართულმა ღვინომ შექმნა ჩემი ცხოვრება. დღეს უკვე ბევრი მეღვინეობაა, რომელიც ახალ გამოცდილებას გვთავაზობენ. გამრავალფეროვნდა ინდუსტრია და ესეც უნდა გავაგრძელოთ, რომ მსოფლიოში ჩვენი ნიშა დავიკავოთ.


T: რატომ გადაწყვიტე მიმართულების შეცვლა?


მთავარი მიზეზი არის ის, რომ ღვინის დაგემოვნებისას უფრო სიღრმისეულ დახასიათებაში ჩავდივარ, თუ რა ზეგავლენას ახდენს ღვინის ხასიათზე ტექნოლოგიური ნაწილი და ტერუარი. ამის საშუალებას კი, ჩემი ამდენწლიანი გამოცდილება მაძლევს. ასევე, ძალიან დიდი დაინტერესებაა უცხოელების მხრიდან, რომელთაც სურთ გაიგონ მეტი ქართულ ღვინოზე, როგორ ტექნოლოგიებს ვიყენებთ, რა პალეტს უქმნის ტერუარი ჩვენს ჯიშებს და ა.შ


ცხოვრების სტილიდან გამომდინარე კი, როგორც მოგზაური აღარ ვარ აქტიური. ახალი აღმოჩენების მომენტი აღარ არის იმაში რაზეც ვწერ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დარიკო როგორც პროექტი ისე ვყოფილიყავი, და არა მხოლოდ ბლოგერი.


T: რა რჩევას მისცემს ღვინის ენთუზიასტებს?


მნიშვნელოვანია, რომ ღვინისადმი ცნობისმოყვარეობა არ დავკარგოთ. ვგულისხმობ, თუ მე მიყვარს კონკრეტული ჯიშის, კონკრეტული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო ამან ჩარჩოში არ უნდა ჩამსვას და ყოველთვის უნდა ვეძებოთ ახალი და საინტერესო ღვინოები. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო პროცესია, როცა აგროვებ ახალ სენსორულ თუ ემოციურ გამოცდილებას.


ბოლო დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვინის სწორი ჭიქით მირთმევა. სულ სხვა გამოცდილებაა კარგი ჭიქა, სწორი ფორმა, სწორი ღვინისთვის. ეს ალბათ უფრო, რესტორნებისთვის და ბარებისთვის არის რჩევა, რომ ინვესტიცია ჩადონ ინვენტარში.


T: რა გამოწვევებია დღეს ღვინის ინდუსტრიაში?


დღეს საქართველოში გამოწვევად მაინც რჩება ბევრი მსგავსი პროდუქტის წარმოება, რაც მეღვინეებს პოზიციონირებას ურთულებს, სომელიეებს კი რეალიზებას. შეიძლება ადრე იყავი უნიკალური, ახლა ბევრი არის შენნაირი, ამიტომ საჭიროა მეტი ინდივიდუალურობის გამოხატვა. ზოგჯერ ამ უნიკალურობის გამო ძალიან მაღალ ფასს ადებენ და ვერავინ იგებ ამ უნიკალურობას.


მსოფლიოში კი, განსაკუთრებით ევროპაში ე.წ “Low Alcohol” და “Non-alcoholic” სეგმენტი იზრდება - ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ თრობის ეფექტი, უფრო მეტად გემოვნური თვისებების ინტერესია. რაც, გრილი კლიმატის რეგიონებისადმი ინტერესს ზრდის.

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

bottom of page