ღვინის წარმოებაში, ერთია როდესაც ხარისხიანი ღვინის დაყენებაზე ზრუნავ და მეორეა თანმდევი იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ეკა ბუხრაძემ, ალკოჰოლური სასმელების ექსპერტ-სპეციალისტმა 20 წლიანი გამოცდილებით, შექმნა კომპანია „Eka Bukhradze Company” - რომელიც ალკოჰოლურ სასმელზე ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ყველა სახის დოკუმენტაციის მომზადების სერვისს ერთ სივრცეში გვთავაზობს.
T: რატომ გადაწყვიტეთ აუთსორს კომპანიის დაარსება?
კომპანიის დაარსების იდეა გამიჩნდა, როდესაც მეღვინეებთან ვატარებდი ტრენინგებს თემაზე „სერტიფიცირების ეტაპები, მწარმოებლიდან - მომხმარებლამდე“. ეს პროცედურები საკმაოდ კომპლექსურია. მივხვდი თუ რა პრობლემებს აწყდებოდნენ მეღვინეები და რა სჭირდებოდათ.
ერთია, რომ ღვინოს აყენებ და მეორეა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება სრულყოფილად და უხარვეზოდ. კანონიც კომპლექსურია, ხშირად იცვლება როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო და მუდმივად საჭიროა ახალი ინფორმაციის გაცნობა.
T: რა სერვისს სთავაზობს თქვენი კომპანია მეღვინეებს?
ჩვენ უზრუნველვყოფთ ალკოჰოლური სასმლის ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ყველა სახის დოკუმენტაციის მომზადებას. ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციისთვის კი მეწარმეს სჭირდება სხვადასხვა დოკუმენტის მომზადება, რომელიც შესაბამისი ორგანოს მიერ გაიცემა.
პირველ ეტაპზე ჩვენი გუნდის წევრების მიერ ხდება კლიენტის საჭიროებების დადგენა - რა ტიპის დოკუმენტაციის დამზადება სურს, ჩვენ ვუგზავნით იმ ჩამონათვალს, რომელიც მათგან გვჭირდება. შემდგომ დავამუშავებთ ამ ინფორმაციას, ვაწვდით მათ დასადასტურებლად და ვუშვებთ შესაბამის ორგანოებში სერტიფიკატის მისაღებად.
ჩვენი სერვისი არის ონლაინ ერთ პლატფორმაზე, რაც მწარმოებლებს უადვილებს საქმეს და არ უწევთ თვითონ ფიზიკურად მისვლა და დროის დაკარგვა დოკუმენტაციის შესაგროვებლად.
T: რა უპირატესობა აქვს მეღვინეობისთვის აუთსორს კომპანიას?
ჩვენი მომხმარებელი ძირითადად არის საშუალო და მცირე ბიზნესი, რომელსაც უჭირს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრის აყვანა, რადგან ძალიან ეზრდება ხარჯი. ყველა მეღვინე ამბობს, რომ მათი საქმეა ღვინის ტექნოლოგიური ნაწილი და არა - იურიდიული. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში ვეხმარებით ჩვენ - უმოკლეს დროში, სიზუსტის სრული დაცვით ვაკეთებთ ყველა სერტიფიკატს.
მეორე მხრივ კი, როდესაც ერთი ჯაჭვია - რთვლის რეგისტრაციიდან დაწყებული, საბაჟო პროცედურით დამთავრებული, ერთ ხელში გადის მთელი დოკუმენტაცია აქ შეცდომა არის მინიმალური. ჩვენი კლიენტები მუდმივად ჩვენთან ხაზზე არიან და ნებისმიერ დროს ვუწევთ კონსულტაციას.
T: რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი სერვისის განვითარება. სულ ვართ ორიენტირებული, რა უნდა დამკვეთს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვერგოთ და ერთ პლატფორმაზე იყოს განვითარებული მთელი ჯაჭვი - ვენახის კადასტრით დაწყებული, საბაჟო პროცედურებით დამთავრებული.
უკვე ვამატებთ QR კოდებს, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნით, სავალდებულოა 2023 წლის 8 დეკემბრის შემდგომ ჩამოსხმულ ღვინოზე. ამ მიმართულებითაც ვზრუნავთ, რომ ნაკლებად დაიხარჯოს კომპანია და მისაღებ ფასად ვთავაზობთ ციფრულ ეტიკეტებს.
ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის შევქმენით ინფორმაციული საიტი www.wineeb.ge, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია.
Comments