დღეს ქართულ მევენახეობაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გზა თანამედროვე ტექნოლოგიებზე ადაპტირებაა. სწორედ ამ მიზნით ოთხმა მეგობარმა შექმნა მოწყობილობა და აპლიკაცია AgronicEye, რომლის საშუალებითაც ფერმერს შეუძლია რეალურ დროში დაინახოს და აკონტროლოს ვაზის მდგომარეობა, ამოიცნოს დაავადება, შეაგროვოს მონაცემები და მიიღოს რჩევები.
რა იყო იდეის ინსპირაცია და რა სერვისებს სთავაზობს სტარტაპი მევენახეებს, ამის შესახებ თბობა მარიამ სვიმონიშვილს ესაუბრა.
T: მარიამ, როგორ დაიბადა AgronicEye - ის იდეა?
იდეა 2 წლის წინ გაჩნდა, როდესაც მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ ოჯახურ საქმიანობაში ჩართვა. ყოველ სექტემბერს ჩვენთან იმართება დიდი რთველი, რაშიც მთელი ოჯახია ჩართული - ამ ყველაფერს კი წინ ძალიან დიდი შრომა უძღვის. მთელი წლის განმავლობაში ვენახს მუდმივად ყურადღება სჭირდება. რთვლიდან-რთვლამდე კი შეიძლება სხვადასხვა პრობლემები განვითარდეს.
პრობლემის თუ დაავადების იდენტიფიკაცია მხოლოდ გამოცდილებით ან ფოტოზე მარჩიელობით ხდება, რასაც ყოველთვის ეფექტური შედეგი არ მოსდევს.
T: რა დაავადების ამოცნობა შეუძლია თქვენს მოწყობილობას?
ჩვენი მოწყობილობა, რომელსაც აქვს კამერა, მაგრდება ტრაქტორზე და ფერმერის ყოველდღიური მუშაობის პარალელურად აგროვებს მონაცემებს ვაზის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ მიერ შემუშავებული პითონის ალგორითმები აერთიანებს Machine learning-ის და computer vision-ის მოდულებს.
ეს ალგორითმი კი გაძლიერებულია პერსონალურად შემუშავებული ბიბლიოთეკით, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და ზუსტ ანალიზს.
საბოლოოდ, ფერმერი აპლიკაციაში იღებს დაავადების ზუსტ იდენტიფიკაციას და სრულ რეკომენდაციას მცენარის მოვლის შესახებ. ამ ეტაპზე კი ჩვენს მოწყობილობას შეუძლია 6 დაავადების ამოცნობა: ნაცარი, ჭრაქი, ანთრაკნოზი, შავი სიდამპლე და პირსის დაავადება.
T: რა ტიპის მეღვინეობებისთვის არის გათვლილი თქვენი სერვისი?
სამიზნე აუდიტორია არის უფრო საშუალო მეღვინეობები. დიდ კომპანიებს აქვთ იმის საშუალება, რომ დაიქირაონ მაღალ ანაზღაურებადი აგრონომები და უცხოელი კონსულტანტები. თუმცა მგონია, რომ ჩვენი პროდუქტი მათთვისაც ხელსაყრელი იქნება და დაეხმარება მოკლე დროში მიიღონ ინფორმაცია მთელ ვენახზე.
T: რა პრობლემები შეგხვდათ პროგრამაზე მუშაობისას?
ინტერნეტში ძალიან მწირი ინფორმაციაა ქართულ მევენახეობასა და მეღვინეობაზე. ამიტომ გვიწევდა ჩვენით შეგვექმნა ინფორმაციული ბაზა პროგრამისთვის. პესტიციდების შერჩევაზე, რომ გადავედით მაშინ გაგვიჭირდა, გვინდოდა, რომ სწორი მათემატიკური გამოთვლები გაგვეკეთებინა.
ჩვენ გამოცდილება, რომ არ გვქონდა, ინფორმაციას დარგში მოღვაწე ადამიანებთან ვაზუსტებდით, ვურეკავდით ლექტორებს და სხვადასხვა ღვინის კომპანიებს.
T: სამომავლო გეგმები:
პირველი ინვესტიცია ჩვენი სახსრებით იყო, ამ ეტაპზე უკვე გრანტი ავიღეთ და გავაგრძელეთ პროდუქტის განვითარება.
საქართველოში არ არის აგროტექ მიმართულება განვითარებული. ჩვენი მიზანია სწორედ ამ მიმართულების განვითარება და ფერმერებისთვის ყოველდღიური შრომის შემსუბუქებაა, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ტექნოლოგიები, რათა გაზარდონ მოსავლის ხარისხი, რაც უკვე საბოლოოდ ღვინოში აისახება.
Comments